X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 22-ე სხდომა გაიმართა

30 ივლისი 2021

,,71 მილიონი ლარის 182 პროექტი  განხორციელდა 2020 წელს კონფლიქტისპირა სოფლებში.  მნიშვნელოვანია ის  მიმდინარე და დაგეგმილი  პროექტები,  რომლებიც ითვალისწინებს, როგორც წყალმომარაგების, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას,“-ამის შესახებ  გორში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე   კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, 2013-2020 წლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში  160 მილიონი ლარის  1200-მდე პროექტი განხორციელდა. მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს  კოორდინაციით დაგეგმილია დაახლოებით 30  მილიონი ლარის პროექტები, ამასთან სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული უშუალოდ მუნიციპალიტეტები და შესაბამისი თვითმმართველობები.

კომისიის რიგით 22-ე სხდომა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრი სხვა სახელმწიფო უწყებების წარმოადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები და მუნიციპალიტეტების მერები.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კომისიის თანათავმჯდომარემ,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, შესაბამისად სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგულარულად ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გამყოფი ხაზის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან.

„დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით, საკითხის შეჯერების შედეგად, ჩვენ დავსახეთ სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, ქმედებათა კონკრეტული გეგმა. ვიმსჯელეთ, ამ გეგმის განხორციელების მექანიზმზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განვითარება და შედეგი სამთავრობო კომისიის დღევანდელი სხდომისა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული სხვა საჭიროებების ეტაპობრივი მოგვარების მიზნით. ვფიქრობ, ეს არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინების სახით, არა მარტო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის, არამედ  კონფლიქტით დაზარალებული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან ოკუპაციის მეორე მხარეს, ოკუპირებულ რეგიონებში,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

კომისიამ განიხილა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წელს ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.

,,სხდომაზე განხილულ იქნა ის საკითხები, რომლებიც აწუხებს კონფლიქტისპირა სოფლების  მოსახლეობას, პირადად პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ზარდიაანთკარში არსებული 30-მდე სახლის რეაბილიტაციის შესახებ, აღნიშნული სოფელი ყველაზე გვიან გათავისუფლდა საოკუპაციო ძალებისგან და თითქმის დაცლილია მოსახლეობისგან, ეს საშუალებას მისცემს დევნილ მოსახლეობას დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ საცხოვრებელ ადგილებს, გასული წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარია დახარჯული კონფლიქტის ზოლის მიმდებარე სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე და მომავალშიც დაგეგმილია კულტურული, საგანმანათლებლო, სოფლის მეურნეობის თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“-განაცხადა  მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

მოხსენება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა. სხდომაზე, ასევე  მოისმინეს ინფორმაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ.